Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

argue-seussროდესაც ვინმესთან ვკამათობ რაიმე სრულიად არაპირადულ საკითხზე  (იქნება ეს პოლიტიკა, სამართალი, ლიტერატურა თუ სულ ელემენტარული ჩახოხბილის მომზადების წესები), ძირითადად ყველაფერი ერთი სცენარით ვითარდება: მე სრულიად მშვიდად ვიშველიებ არგუმენტებს საკუთარი მოსაზრების დასაცავად, ჩემი ოპონენტი კი ჯერ ცოფდება, შემდეგ კი აუცილებლად გადმოდის პირად შეურაცხყოფაზე. ნუ, თუ ყველა შემთხვევაში მორალის არმქონეს და უსულგულოს არ მეძახიან, რაღაც მწარეს მაინც აუცილებლად მეტყვიან ბოლოს, წიპა, იცი რა შენთან კამათს აზრი არ აქვს, შენ ამას მაინც ვერ გაიგებ და ა.შ.

თუ პოპულარულ ქართულ ტოკ-შოუებს ვუყურებ, ვხვდები, რომ ეს მარტო ჩემი პრობლემა არაა. იქაც ძირითადა ყველაფერი იგივენაირად მიმდინარეობს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მოწვეული, პოლიტიკოსები, სპორტსმენები თუ ხელოვნების წარმომადგენლები. ანუ, ეს ზოგადად ქართული საზოგადოების სენია.  ვერ ვიტყვი, რომელი უფრო დიდი პრობლემაა ამ შემთხვევაში, ის, რომ კამათის კულტურა არ გაგვაჩნია, თუ ის, რომ განსხვავებული აზრის ატანა არ შეგვიძლია. ვფიქრობ, უფრო მეორე, რადაგან სწორედ ეს იწვევს გაცხარება-გაცოფებას და უმაღლეს ზღვარზე მისულები, უკვე პირად შეურაცხყოფაზე გადადიან, ანუ, სიტყვაზე, თუ  ვიღაცას Ramchtain-ი უფრო მოსწონს, ვიდრე ჩაკრულო, ის ეროვნულ ფასეულობებს პატივს არ სცემს და სოროსელია, ხოლო თუ ვინმეს სააკაშვილი მოსწონს – უზნეო და ცოცხლად დასამარხი და თუ, ღმერთმა არ ქნას და ოპოზიციიდან მოგწონს ვინმე, სამშობლოს მოღალატე ხარ!

გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი მარაზმია, მე ერთი რამის თქმა შემიძლია, ასეთ კამათში ჭეშმარიტება ნამდვილად არ იბადება!

საკმარისია წამომცდეს, რომ არ ვუჭერ მხარს ოპოზიციას, გარშემომყოფები მაშინვე მომახლიან: რა თქმა უნდა, შენ ხომ ამ მთავრობაზე მუშაობ. ცუდს როგორ იტყვი, მაშინვე სამსახურს დაკარგავ!

მაცოფებს ეს სიტყვები!

დიახ, მე სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობ, მაგრამ როდესაც ვამბობ, რომ ოპოზიციის ნდობა არ შეიძლება და რომ ამ მთავრობას რაღაც სასიკეთოც გაუკეთებია, ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ საკუთარ სკამს ვუფრთხილდები, ეს ჩემი აზრი, ჩემი პოზიციაა, რომელსაც შეიძლება სხვები არ იზიარებდნენ, მაგრამ მაინც პატივი უნდა სცენ! თუმცა რაზე ვლაპარაკობ? როდის იყო, ქართულმა საზოგადოებამ სხვისი აზრის პატივისცემა იცოდა?!

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ვუჭერ მხარს ოპოზიციას:

პირველი რაც მინდა ავღნიშნო: როდესაც ის ადამიანები, რომელებიც დღეს მთავრობისგან ნაყიდს მეძახის, მიშა მიშაო ყვიროდა, მე წიგნი მეჭირა ხელში და ვსწავლობდი. არც ერთხელ მივსულვარ მიტინგზე, რადგან მაშინაც ვთვლიდი და ახლაც იმავე აზრზე ვარ, რომ პრინციპი, ოღონდ ეს წავიდეს და ვინც გინდა ის მოვიდესო, არ ამართლებს. არ გაამართლა 90-იანი წლების დასაწყისში! არ გაამართლა 2003-ში და არც დღეს გაამართლებს! რაღაც უსაშველო გვჭირს ქართველებს, ან გავაღმერთებთ ადამიანს და ლამის მეორე მესიად მოვიხსენიებთ ან შევიძულებთ. საშუალო ჩვენთვის არ არსებობს!

მეორე: არასოდეს მივსულვარ არჩევნებზე. არც 2004-ში და არც გასულ წელს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე. ვთვლი, რომ ორივე შემთხვევაში ასარჩევი არაფერი იყო. ერთი შესაძლო ვარიანტი არსებობდა. სწორედ ამიტომ ჩემი ხმა ჩემთვის შევინახე.

მე არ მჯერა ოპოზიციის! ვიცი, რომ თუ ამ ხალხს ხელისუფლებაში მოვიყვანთ, სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, რადგან ეს ხალხი არაფრითაა უკეთესი! ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის დროს ისე იქცევიან თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, გადაყენების შემთხვევაში კი დაბოღმილები გამოდიან ტელევიზიით და ათას სისაძაგლეს ამბობენ! ცუდად ვხდები, როდესაც ოქრუაშვილის სიტყვებზე ვიღაცას ეტირება! გული მერევა, როდესაც ნინო ბურჯანაძის სჯერათ! როდესაც ეს ქალი ამბობს რა ცუდია სააკაშვილის ხელისუფლება, მხოლოდ ერთი კითხვა მებადება: ქალბატონო ნინო, როდიდან?! არ მჯერა, რომ ვაკელ ძველ ბიჭს, ცხრა მთავრობის აფერისტს, ნარკომანს, კაცობრიობაზე მუდმივად დაბოღმილ შეშლის და კიდევ ერთ ცუდ ადვოკატს ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია!

ჩემი ძვირფასო ხალხო, არც ერთ ამ ფსევდო პოლიტიკოსს ქვეყანა არ უყვარს! არ დაიჯეროთ! არ უყვართ, ისვე როგორც არ უყვარდა გამსახურდიას! არ უყვარდა არც შევარდნაძეს! მე რა ვიცი? მარტივი მისახვედრია, ადამიანს რომელსაც, რამე ან ვინმე უყვარს, ფიქრობს მხოლოდ იმაზე მისთვის უკეთესი როგორ იქნება. ამათ  კი ჩემზე უკეთ უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყანას ახლა კიდევ ერთი არჩევნების თავი უბრალოდ არ აქვს, ასე რომ ხმამაღალი ღრიალი სააკაშვილის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ უბრალოდ უადგილოა!

მესამე და ყველაზე მნიშვნელვანი, როდესაც ვამბობ ამ ხელისუფლებამ რაღაც სასიკეთოც გააკეთა-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ შეცდომებს ვერ ვხედავ. ვხედავ იმასაც, რასაც შეცდომასაც ვერ დაარქმევ! და მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ ქვეყანაში უკეთესობისაკენ ბევრი რამე შეიცვალა. მე შემწევს ცუდთან ერთად ამის დანახვის უნარი!

და ბოლოს, როცა ამ პოსტს ვქმნიდი, არ მიფიქრია იმაზე სამსახურს დამაკარგვინებდა თუ შემანარჩუნებინებდა. ვთვლი, რომ ადამიანს, მიუხედავად თანამდებობრივი მდგომარეობისა, საკუთარი აზრი უნდა გააჩნდეს. ასევე ვთვლი, რომ გაბატონებული აზრი – ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ათავისუფლებენ, გადაჭარბებულია!

ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ მომდევნო პოსტს უმუშევრის სტატუსით არ დავწერ!

ვაშაა პარასკევია!

დღეს ნამდვილად პარასკევია. მიყვარს პარასკევი, იმიტომ, რომ მას შაბათ-კვირა მოჰყვება! Week-end. განსაცვიფრებელი 48 საათი, რომლებიც ჩემია და რომლებიც, როგორც წესი, არაფერში მყოფნის. ღმერთო, როგორ მინდა გავიდე ქალაქ გარეთ, ასევე ვიკითხო დიდი ოდენობით პროფესიული და მხატვრული ლიტერატურა, ვიარო მაღაზიებში, მოვინახულო ყველა მეგობარი, ვხატო, ვწერო, გადავიღო სურათები, კარგად გამოვიძინო, ვისწავლო კიდევ ერთი უცხო ენა, ვივარჯიშო, მოვამზადო მორიგი სტატია ჟურნალისთვის, წავიდე თეატრში, კინოში, ვუყურო ბევრ კარგ ფილმს, ვუსმინო დიიიიიიიდი ოდენობით კარგ მუსიკას და…

და რატომ არის დღე-ღამეში მხლოდ 24 საათი?!

მოკლედ მივედი დასკვნამდე, რომ ფუფუნება ადამიანზე ცუდად მოქმედებს 🙂

ბავშვობაში, იმ ავბედით წლებში, სკოლები საერთოდ რომ არ თბებოდა და ლურჯები ვისხედით გაკვეთილებზე, მშვენივრად ვიყავი გაკაჟებული, არც ვცივდებოდი და არც ვირუსები მიტევდნენ აქტიურად. ახლა კიდე, გამთბარ, გაპიწკინებულ ოფისში რომ ვზივარ და ბატერია რომ არ მყოფნის და  `ზიმა-ლეტას~ ვიმატებ, ყველა ქარის მობერვაზე ვცივდები, ან საკმარისია ეზოში მეზობლის კატამ დააცემინოს, ეგრევე გრიპი გადამედება ხოლმე.

გარდა მაგისა, იმავე ავბედით წლებში ჯერ საბჭოთა და შემდეგ წითელი კერასინკით , შეშის ან ნავთის `ფეჩით~  და სხვა ათასი ჯანდაბით რომ ვთბებოდით და ამ ყველაფრის სუნს მიჩვეული ვიყავი, ალერგია საერთოდ რა იყო, არ ვიცოდი. ახლია კი, კარმის ეპოქაში, საკმარისი იყო ერთადერთხელ მემგზავრა დასავლეთის მიმართულებით მატარებლით (იმ ჩემი ცოდვით სავსეს ნახშირით ათბობენ, ამიტომ ვაგონებში ცოტათი, მაგრამ მაინც გამონაბოლქვის თავისებური სუნი დგას), რომ ამ გამონაბოლქვის სუნზე ისეთი ალერგია მომცა, მეორე დღეს პატრონს ვბარდებოდი მეგონა 🙂

ხოდა, იმას ვამბობდი, რას გვიშვება ეს სააკაშვილი?! გაგონილა ხალხის ასე გაფუჭება მუდმივი, ან თითქმის მუდმივი შუქით და გაზით?! სულ არ ფიქრობს ჩვენს ჯანმრთელობაზე! ეს არის მოსახლეობის ზომბირების კიდევ ერთი ფორმა, რადგანაც პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ გრიპიან ადამიანს პოლიტიკა სულ კიდია და საწოლიდან როდის ადგება მარტო მაგაზე ფიქრობს. : D ხოდა, ვითხოვ ოპოზიციის როგორც ყოველთვის დროულ რეაქციას!

sleepy-11

მაღვიძარა რეკავს, ვდგები და სააბაზანოში გავრბივარ, თავს ვიწესრიგებ, შემდეგ აუჩქარებლად ვარჩევ რა ჩავიცვა, ვიცმევ და სარკესთან ვიპრანჭები, თმას ვისწორებ… თურმე ეს ყველაფერი მესიზმრება. როდის დარეკა მაღვიძარამ და როგორ გამოვრთე საერთოდ არ მახსოვს. გულგახეთქილი წამოვვარდები საწოლიდან, რადგან სულ რამდენიმე წუთიც და დაგვიანება გარდაუვალია. გიჟივით შევრბივარ სააბაზანოში. შემდეგ ვიცვამ იმას, რაც პირველი ხელში მომხვდება, სულაც არ დავაძებ ერთმანეთს ეხამება ან მიხდება თუ არა.რაც მთავარია, სხეულს მიფარავს (მადლობა დედაჩემს იმისათვის, რომ ჩემი ტანსაცმელი მუდამ გაუთოვებული და ჩაცმისათვის მზადყოფნაშია).  თმას ნაჩქარევად ვივარცხნი. სამკაულებზე და მაკიაჟზე საუბარიც ზედმეტია და ასე ფართხაფურთხით გამოვრბივარ გარეთ. ხოდა, იბადება კითხვა, მაშ მე ქალი ვარ?!

102085

ერთ ძალიან ცნობილ და პოპულარულ სერიალში მთავარი გმირი ამბობს, რომ ბავშვობაში ეგონა, რომ კარადაში ურჩხული იმალებოდა და შემდეგ ასწავლეს, რომ კარადაში შიშის გარდა არავინ იმალება და საკმარისია ეს კარადა გააღო,  ურჩხული მაშინვე გაქრება.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი აღარ ვარ, ჩემს კარადაში ბევრი ურჩხული იმალება. დღევანდელ პოსტს კლაუსტროფობიასა და სიმაღლის შიშს არ დავუთმობ (რომელიც მთელი ცხოვრება სისხლს მიშრობს, სხვათაშორის). მე უფრო სხვა შიშის შესახებ მინდა გიამბოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა გაბედულ და ძლიერ ადამიანად მიმიჩნევს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უამრავი რამეა, რისიც ამ ცხოვრებაში მეშინია, მაგალითად, მეშინია ჩემთვის ძვირფას ადამიანებს იმედი არ გავუცრუო, მეშინია სამსახურში რამე არ შემეშალოს, რადგან ვიცი, რომ ამ შეცდომის გამო პასუხს სხვა აგებს, ის სხვა, რომელიც ბოლომდე მენდობა, კიდევ მწერების მეშინია და რავიცი, რისი აღარ.  ერთადაერთი, რისიც ნამდვილად არ მეშინია, ეს სიკვდილია. აღნიშნული სულაც არ ნიშნავს, რომ გაქანებული დეპრესია მაქვს, ცხოვრება მომბეზრდა და სიკვდილი მინდა, პირიქით, სიცოცხლე ძალიანაც მიყვარს, მაგრამ სიკვდილის არ მეშინია. რატომ? დარტყმული ვარ თუ იმქვეყნიური ცხოვრების ფანატიურად მჯერა? ეს უკვე სხვა თემაა, ამაზე სხვა დროს. ახლა კი იმ შიშის შესახებ, რომელიც ამ ბოლო დროს შემომეჩვია:

წინა პოსტში ავღნიშნე, რომ ჩემსა და SSCB-ს შორის ყველაფერი დამთავრდა, უკვე დავივიწყე და აღარ მიყვარს (ცნობისათვის SSCB ადამიანია და სქესიც აქვს დაჟე :)). ეს ასეცაა, მაგრამ ჩვენმა ყოველგვარ ლოგიკას  და საღ აზრს მოკლებულმა ურთიერთობამ ერთი უცნაური შედეგი დამიტოვა –  მეშინია, რომ აღარასდროს შემიყვარდება. ძალიან მეშინია, რომ ვეღარავის შეყვარებას შევძლებ, ცხოვრებას კარიერას შევწირავ, წარმატებული ქალიც მერქმევა, მაგრამ მარტო ვიქნები და  მერე, როცა გარკვეულ ასაკს გადავაბიჯებ, ნათესავებისგან თავმობეზრებული და კიდევ იმიტომ, რომ მარტოობა დამღლის, ვიგაც ღიპიან ძიას გავყვები ცოლად, ან სულაც უღიპოს, მაგრამ კაცს, რომელიც საერთოდ არ მეყვარება. გავაჩენ შვილებს,  ვიქნები შეძლებისდაგვარად კარგი ცოლი, მაგრამ არ მეყვარება ადამიანი, ვის გვერდითაც ვიცხოვრებ. აღარაფერი გამახარებს. ჩემი სიცოცხლე ნათელ ფერებს და ყოველგვარ რომანტიკას მოკლებული იქნება,  ბოლოს კი იმ კონდიციამდე მივალ, როცა მარტო შვილების გამო ცოცხლობენ.  აი, ამ პერსპექტივის მეშინია. იმდენად მეშინია, რომ ახლაც კი სისხლი მეყინება  და რაც მთავარია, ეს პერსპექტივა საკმაოდ რეალურია. გამწარებული ვცდილობ ეს შიში დავმალო და ათასგვარ ცინიკურ ფრაზას ვისვრი: წიპა ყვება ბიჭი ნაგავია და სიყვარული მამაკაცებმა მოიგონეს, რომ სექსში ფული არ გადაიხადონ და ა.შ., მაგრამ სინამდვილეში შიშით გული მისკდება, რომ ვეღარავის შეყვარებას შევძლებ. რატომ ვერ უნდა შევძლო შეყვარება? იმიტომ, რომ სიყვარული თავის დაკარგვაა და ამ ბოლო დროს ეს თავი ისე მყარად მიმება, რომ ძალით თუ მოვიგლეჯ თორემ, ისე არსად დამეკარგება.   ხოდა, თუ ჩვეულებრივ შიშებთან საბრძოლველად და დასაძლევად ათასი მეთოდი არსებობს, წარმოდგენა არა მაქვს აი, ამ ფობიას როგორ უნდა ვებრძოლო, რომელი კარადა უნდა გავაღო, რომ ურჩხული გაქრეს.

ახალი და ძველი წელი!

ესეც ასე! საახალწლო ეიფორიამ ასე თუ ისე ჩაიარა და მინდა ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც შევაჯამო გასული წელი.

მაშ ასე, აღმოსავლურ ჰოროსკოპს თუ რამე დაეჯერება, გასული წელი სწორედ ჩემი წელი იყო, რადგანაც მეც ვირთხა ვარ. მაინც რა მოხდა ამ წელს?

2008 წლის დასაწყისში ჩემმა ყოფილმა სამსახურმა ისეთი დეპრესია დამმართა, რომ იქ მისვლა მეზიზღებოდა და მზად ვიყავი ჩემი შეფი მიმეხრჩო თავისი სულელური გამოხტომების გამო. ასევე წლის დასაწყისშივე ჩაიშალა ჩემი გეგმები საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე.

2008 წლის თებერვალში სამსახური შევიცვალე. იმ მომენტისათვის ვთვლიდი, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე და უბედნიერესი ვიყავი. საწუწუნო არაფერი მაქვს, პრინციპში, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს, მყავს ნორმალური თანამშრომლები და უფროსი, რომელიც არ ცდილობს ყველა ფეხის ნაბიჯზე საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინოს. გარდა ამისა, მაქსიმალურად ვცდილობ, კოლეგებთან ურთიერთობის საკითხებში წინა სამსახურში მიღებული გამოცდილება გავითვალისწინო და იგივე პრობლემები თავიდან ავიცილო. თუმცა, დღეს უკვე აღფრთოვანების პირველი ტალღები ჩავლილია და მივედი დასკვნამდე, რომ ყველა შეფი ექსპლუატატორია და რაც უფრო კეთილსინდისიერი ხარ, ადამიანები მით უფრო ბოროტად სარგებლობენ ამით. გულის სიღრმეში ისიც უნდა ვაღიარო, რომ ეს სამსახურიც უკვე მომბეზრდა და გასაქცევის ძებნას ვიცყებ. რას ვიზამ, ერთი და იგივე მალე მბეზრდება.

გაზაფხულზე სამართალმცოდნეობის მაგისტრი გავხდი და ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ ძველი სამსახური მენატრებოდა :D!

ჩემსა და SSCB-ს შორის ყველაფერი საბოლოოდ დამთავრდა! ბოლოს და ბოლოს  მივედი დასკვნამდე, რომ გაბზარულის შეწებება აღარ უნდა სცადო და წერტილი დავსვი. ამჯერად ჩვენი ურთიერთობის რეანიმირების მცდელობა აღარ იქნება. ახლო წარსულში მან ცოლი მოიყვანა. მიხარია, რომ ყველაფრის მიუხედავად, შევძელით ერთმანეთს ნორმალურად დავშორებოდით, ისტერიკებისა და შეურაცხყოფების გარეშე. ამასთან,  შევძელი წარსული ცივი გონებით გამეანალიზებინდა და იმასაც მივხვდი, რომ ბევრ რამეში დამნაშავე თავად ვიყავი. თუმცა, არაფერს ვნანობ და კმაყოფილი ვარ, რომ წარსულის გახსენება ტკივილს არ  მგვრის. ტკივილს კი არა, საერთოდ აღარაფერს ვგრძნობ უკვე. საერთოდ არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ დაქორწინდა და ბედნიერებასაც ვუსურვებ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი –  ომი! ცხოვრებაში პირველად მივხვდი, რას ნიშნავს ნამდვილი სიძულვილი და კიდევ, პირველად ვიგრძენი ბოღმა –  საკუთარი უმწეობით გამოწვეული! ცხოვრებაში პირველად მეშინოდა (იმედია უკანასკნელადაც), რომ შეიძლებოდა ჩემთვის ძვირფასი რამდენიმე ადამიანი ვეღარ მენახა.

გარდა ამისა, გასულ წელს ჩავაბარე რამდენიმე საკვალიფიკაციო გამოცდა. ოქტომბერში სამსახურში ატესტაციები დაიწყო და ბევრმა გაქცევით უშველა თავს. საკმაოდ დიდ ხანს მათ გარეშე ცარიელი მეჩვენებოდა შენობა. თუმცა, მერე ამასაც შევეჩვიე. გასულ წელს, ასევე, პირველად მომეცა შესაძლებლობა დავხმარებოდი ნიჭიერ ადამიანს, რომელსაც სამსახური ძალიან სჭირდებოდა.  ასევე იყო გარკვეული შეხვედრები, საინტერესო თუ უინტერესო ადამიანები. აღვადგინე კონტაქტი კლასელებთან. ზოგიერთი მათგანის შესახებ სკოლის დამთავრების შემდეგ აღარაფერი ვიცოდი.

დეკემბერში ბლოგი აღმოვაჩინე. თავიდან მხოლოდ სხვების პოსტებს ვკითხულობდი და უცბათ თავადაც დავიწყე წერა.  ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ამ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ფეხიც არავის შემოცდენია ჩემს ბლოგზე, არ ვღელავ. უბრალოდ ვწერ, იმიტომ, რომ წერა მინდა. Art for Heart, რა!

რაც შეეხება უკვე დამდგარ ახალ წელს! არ ვნატრობ, რომ ეს წელი ასრულებული ოცნებების და მხოლოდ სიხარულის წელი იყოს! ვიცი, მომავალ წელსაც მექნება ბევრი ნათელი და სასიამოვნო დღე და ამასთან ერთად ბევრ ცრემლსაც დავღვრი, ბევრ რამეს მოვიპოვებ და ბევრსაც დავკარგავ. სცორედ ამიტომ, მთელი სიცხადით შევიგრძნობ, თუ რა მშვენიერია ცხოვრება! ეს კი ყველაფერზე მთავარია!

working hard

დილა ცუდად დაიწყო. სამსახურში ამდენი ხნის წვალებისა და თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ მადლობებს სხვებს ეუბნებიან. არ ვწუწუნებ და ამ საზიზღარ შენობაში შუაღამემდე იმიტომ ვრჩები , რომ ჩემი საქმე მიყვარს, მაგრამ მაინც გული დამწყდა. არ მიყვარს დაუნახავი ადამიანები. სულ ვფიქრობ, თუ ოდესმე მეც უფროსი ვიქნები, ასე დავბრმავდები და  ვერ შევძლებ კარგის და ცუდის გარჩევას?! ეტყობა, ტყავის რბილი სავარძლიდან ცუდი ხილვადობაა. ალბათ იმის დროც დადგა სხვა სამსახურზე ვიფიქრო. ვიცი, ეს მომენტი ბევრ ადამიანს ჰქონია. როგორც ირკვევა, ზედმეტი ერთგულება საჭირო არაა. როდესაც სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ კიდევ 3-4 საათით რჩები და ლამისაა მაგიდასთან ჩამოგეძინოს, მაგრამ საქმეს მაინც ამთავრებ, ამას ყველა ჩვეულებრივ ამბვად აღიქვამს და მეორედ და მესამედ უკვე ვალდებულად გთვლიან რომ სამსახურში ღამის თევით დარჩე! ხოდა, ძვირფასებო, არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა! სამსახურში მისვლის პირველივე დღიდან დაუყენეთ პალაჯენია ხელმძღვანელობას. არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ ოფისში სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შრომა დამატებით არ გინაზღაურდებათ)! ასწავლეთ თქვენი პატივისცემა და ნათლად აგრძნობინეთ, რომ თქვენს გარეშე შეფის ტყავის სავარძელი ჰაერში გამოკიდულია! აი ასე!

იბადება კითხვა, რაში მჭირდებოდა ბლოგი თუ არაფერს დავწერდი? მართლაცდა სწორი შენიშვნაა. ისე გამოდის, რომ სათქმელი არაფერი მაქვს და ჩემს მოსაწყენ სამყაროში საინტერესო არაფერია. არის კი ჩემი სამყარო მოსაწყენი? მაინც რისგან შედგება ჩემი ცხოვრება? სამსახურსგან, სამსახურისგან და კვლავ სამსახურისგან. დამღალა და თავი მომაბეზრა ამ სამსახურმა! მართალია, იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყოველთვის მომწონდა, მაგრამ მეტისმეტად დიდი დრო და ენერგია მიაქვს და სხვა არაფრისთვის დრო აღარ მრჩება. ასე არ მინდა! მეტისმეტად ახალგაზრად ვარ საიმისოდ, რომ ასეთი რეჟიმით ვიცხოვრო. თუმცა ყველაფერი ჩემი ბრალია. ეს მე არ ვცდილობ ახლის შეტანას საკუთარ ცხოვრებაში და რაღაცნაირად ინერციით მივყვები ამ ერთ ტალღას. ხოდა, კმარა! გამოფხიზლების დროა! და გამოფხიზლებას ზედმეტ წონასთან ბრძოლით ვიწყებ! დავნო პარა!

გარდა ამისა, საქვეყნოდ ვდებ ფიცს, რომ ყველა ჩემს ჰობს ამიერიდან მეტ დროს დავუთმობ! მეტ დროს დავუთმობ ახლობლებს და მეგობრებს, თორემ მალე ქუჩაში შემხვდებიან და ვეღარ მიცნობენ. საკმარისზე მეტი დრო დავკარგე მარტო სამსახურზე ფიქრით და ასე აგარ შემიძლია! აღარც მინდა ასე გაგრძელება!

Hello world!

ამ რამდენიმე დღის წინ სამსახურში ჩემს კომპთან სხვა იჯდა. მერე, როცა კუთვნილი ადგილი დავიკავე და ჰისთორი ჩამოვშალე ერთ კარგადნაცნობ და გათელილ საიტზე შესასვლელად, თვალში …wordpress.com მომხვდა. მივხვდი, ეს გვერდი ჩემმა თანამშრომლემა დაათვალიერა, დამაინტერესა ნეტა რა არის-თქო და მეც შევედი. პოსტების და კომენტარების რაოდენობით ვხვდები, რომ ერთ-ერთი პოპულარული ბლოგერის ბლოგზე მოვხვდი. (არ ვაკონკრეტებ რომლის)

მომეწონა. ის ბედნიერი დრო გამახსენდა, ბავშვობაში დღიურებს რომ ვწერდი ხოლმე. მომინდა, რომ ჩემი ბლოგი მქონოდა. (ვაღიარებ, მიბაძვა ბავშვობიდან ვიცი ხოლმე :)) ხოდა აქ ვარ. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, წერა ნამდვილად არ მეზარება 🙂 წინასწარ ვხვდები დაახლოებით რა სახის პოსტები მექნება და მეღიმება. თან ცოტა არ იყოს მაფრთხობს ეს ახალი ჰობი, რადგან საკუთარ ემოციებზე და მოსაზრებებზე ღიად წერა ცოტათი უცხოა ჩემთვის. ეს ყველაფერი რომ ჩემს ძვირფას თანამშრომლებს და კოლეგებს ანახა, გაოგნდებოდნენ, რადგან ისინი მე ასეთს არ მიცნობენ. ეს ჩემი ყველაზე მეტად დამალული მხარეა, რომელსაც ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ ვაჩვენებ. და მაინც, დაე, იყოს ასე! აქ უბრალოდ მარი ვიქნები. ისეთი, როგორც ვარ, როცა სახლში მივდივარ და მარტო ვრჩები.