Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘sazogadoeba’

საკმარისია წამომცდეს, რომ არ ვუჭერ მხარს ოპოზიციას, გარშემომყოფები მაშინვე მომახლიან: რა თქმა უნდა, შენ ხომ ამ მთავრობაზე მუშაობ. ცუდს როგორ იტყვი, მაშინვე სამსახურს დაკარგავ!

მაცოფებს ეს სიტყვები!

დიახ, მე სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობ, მაგრამ როდესაც ვამბობ, რომ ოპოზიციის ნდობა არ შეიძლება და რომ ამ მთავრობას რაღაც სასიკეთოც გაუკეთებია, ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ საკუთარ სკამს ვუფრთხილდები, ეს ჩემი აზრი, ჩემი პოზიციაა, რომელსაც შეიძლება სხვები არ იზიარებდნენ, მაგრამ მაინც პატივი უნდა სცენ! თუმცა რაზე ვლაპარაკობ? როდის იყო, ქართულმა საზოგადოებამ სხვისი აზრის პატივისცემა იცოდა?!

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ვუჭერ მხარს ოპოზიციას:

პირველი რაც მინდა ავღნიშნო: როდესაც ის ადამიანები, რომელებიც დღეს მთავრობისგან ნაყიდს მეძახის, მიშა მიშაო ყვიროდა, მე წიგნი მეჭირა ხელში და ვსწავლობდი. არც ერთხელ მივსულვარ მიტინგზე, რადგან მაშინაც ვთვლიდი და ახლაც იმავე აზრზე ვარ, რომ პრინციპი, ოღონდ ეს წავიდეს და ვინც გინდა ის მოვიდესო, არ ამართლებს. არ გაამართლა 90-იანი წლების დასაწყისში! არ გაამართლა 2003-ში და არც დღეს გაამართლებს! რაღაც უსაშველო გვჭირს ქართველებს, ან გავაღმერთებთ ადამიანს და ლამის მეორე მესიად მოვიხსენიებთ ან შევიძულებთ. საშუალო ჩვენთვის არ არსებობს!

მეორე: არასოდეს მივსულვარ არჩევნებზე. არც 2004-ში და არც გასულ წელს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე. ვთვლი, რომ ორივე შემთხვევაში ასარჩევი არაფერი იყო. ერთი შესაძლო ვარიანტი არსებობდა. სწორედ ამიტომ ჩემი ხმა ჩემთვის შევინახე.

მე არ მჯერა ოპოზიციის! ვიცი, რომ თუ ამ ხალხს ხელისუფლებაში მოვიყვანთ, სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, რადგან ეს ხალხი არაფრითაა უკეთესი! ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის დროს ისე იქცევიან თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, გადაყენების შემთხვევაში კი დაბოღმილები გამოდიან ტელევიზიით და ათას სისაძაგლეს ამბობენ! ცუდად ვხდები, როდესაც ოქრუაშვილის სიტყვებზე ვიღაცას ეტირება! გული მერევა, როდესაც ნინო ბურჯანაძის სჯერათ! როდესაც ეს ქალი ამბობს რა ცუდია სააკაშვილის ხელისუფლება, მხოლოდ ერთი კითხვა მებადება: ქალბატონო ნინო, როდიდან?! არ მჯერა, რომ ვაკელ ძველ ბიჭს, ცხრა მთავრობის აფერისტს, ნარკომანს, კაცობრიობაზე მუდმივად დაბოღმილ შეშლის და კიდევ ერთ ცუდ ადვოკატს ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია!

ჩემი ძვირფასო ხალხო, არც ერთ ამ ფსევდო პოლიტიკოსს ქვეყანა არ უყვარს! არ დაიჯეროთ! არ უყვართ, ისვე როგორც არ უყვარდა გამსახურდიას! არ უყვარდა არც შევარდნაძეს! მე რა ვიცი? მარტივი მისახვედრია, ადამიანს რომელსაც, რამე ან ვინმე უყვარს, ფიქრობს მხოლოდ იმაზე მისთვის უკეთესი როგორ იქნება. ამათ  კი ჩემზე უკეთ უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყანას ახლა კიდევ ერთი არჩევნების თავი უბრალოდ არ აქვს, ასე რომ ხმამაღალი ღრიალი სააკაშვილის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ უბრალოდ უადგილოა!

მესამე და ყველაზე მნიშვნელვანი, როდესაც ვამბობ ამ ხელისუფლებამ რაღაც სასიკეთოც გააკეთა-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ შეცდომებს ვერ ვხედავ. ვხედავ იმასაც, რასაც შეცდომასაც ვერ დაარქმევ! და მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ ქვეყანაში უკეთესობისაკენ ბევრი რამე შეიცვალა. მე შემწევს ცუდთან ერთად ამის დანახვის უნარი!

და ბოლოს, როცა ამ პოსტს ვქმნიდი, არ მიფიქრია იმაზე სამსახურს დამაკარგვინებდა თუ შემანარჩუნებინებდა. ვთვლი, რომ ადამიანს, მიუხედავად თანამდებობრივი მდგომარეობისა, საკუთარი აზრი უნდა გააჩნდეს. ასევე ვთვლი, რომ გაბატონებული აზრი – ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ათავისუფლებენ, გადაჭარბებულია!

ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ მომდევნო პოსტს უმუშევრის სტატუსით არ დავწერ!

Read Full Post »